X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის ყველა გვირაბზე და 88 ხიდზე მიმდინარეობს სამუშაოები

2 ივნისი 2022

„რიკოთი არის 52 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც 51 გვირაბი და 97 ხიდია. ყველა გვირაბზე მიმდინარეობს სამუშაოები, აქედან 24 უკვე გაჭრილია, 3 უკვე დასრულებული გვირაბით ვსარგებლობთ კიდეც, შარშან სექტემბერში გახსნილი 2 კმ-იანი მონაკვეთის ფარგლებში. 88 ხიდზე მიმდინარეობს ამჟამად სამუშაოები და ძალიან მნიშვნელოვანი ძირითადი სამუშაოები უმეტეს მათგანზე მაღალი ტემპით პროგრესირებს,“- ასე უპასუხა რიკოთის გზის მშენებლობის პროგრესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, რიკოთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომლის განვითარებაც სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან მას ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობაც აქვს.

„სამუშაოების პროგრესის გათვალისწინებით, წელს დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული მონაკვეთების გახსნა. დაწინაურებულია ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთები. ასევე, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე რიკოთის პარალელური გვირაბის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს იქნება ყველაზე გრძელი გვირაბი ქვეშეთი-კობის გვირაბის დასრულებამდე. აქ წელსვე დავიწყებთ გადართვებს,  იმისათვაის რომ არსებული გზის გაფართოვება და შესაბამის სტანდარტში მოყვანაც შევძლოთ,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით,  მთლიანობაში, რიკოთის 52 კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება, ხელშეკრულების შესაბამისად, 2023 წელს არის დაგეგმილი.